თქვენი უსაფრთხოება

თქვენი უსაფრთხოება ჩვენს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

თუ თქვენი მონაცემები არ არის დაცული, ისინი ვერ იქნება კონფიდენციალური. სწორედ ამიტომ, Google-ის ისეთი სერვისებით სარგებლობისას, როგორიცაა Search, Maps და YouTube, თქვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გიცავთ.

თქვენი მონაცემების გადაადგილებისას, მათ კონფიდენციალურობაზე დაშიფვრა ზრუნავს

დაშიფვრა ჩვენს სერვისებში უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს. ელფოსტის გაგზავნისას, ვიდეოს გაზიარებისას, ვებსაიტის სტუმრობისას, ან თქვენი ფოტოების შენახვისას, თქვენ მიერ შექმნილი მონაცემები თქვენს მოწყობილობას, Google-ის სერვისებსა და ჩვენს მონაცემთა ცენტრებს შორის გადაადგილდება. ამ მონაცემებს უსაფრთხოების რამდენიმე შრე იცავს, მათ შორის, დაშიფვრის ისეთი მოწინავე ტექნოლოგიები, როგორიცაა HTTPS და სატრანსპორტო დონის უსაფრთხოება (TLS).

ჩვენი ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა თქვენს მონაცემებს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში იცავს

იქნება ეს ინდივიდუალურად დაპროექტებული მონაცემთა ცენტრები, თუ წყალქვეშ გაჭიმული ბოჭკოვანი კაბელები, რომლებიც კონტინენტებს შორის მონაცემთა გადაცემას უზრუნველყოფს — Google მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და სანდო ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი, რომელსაც მუდმივი მონიტორინგი უტარდება. სწორედ ამიტომ, თქვენი მონაცემები არამხოლოდ დაცული, არამედ საჭირო დროს, თქვენთვის ხელმისაწვდომიც არის. გარდა ამისა, ინფორმაცია სხვადასხვა მონაცემთა ცენტრში ნაწილდება. ასე რომ, ხანძრის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, მისი სტაბილურ და დაცულ ადგილებში ავტომატური და უვნებელი გადატანა არის შესაძლებელი.

საფრთხის გამოვლენა, როგორც ჩვენი სერვისების დაცვის ერთ-ერთი ხერხი

ჩვენს სერვისებს და ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ საფუძვლად უდევს, უწყვეტი მონიტორინგი უტარდება, რომლის მიზანიც მათი ისეთი საფრთხეებისგან დაცვაა, როგორიცაა სპამი, მავნე პროგრამები, ვირუსები და სხვა ტიპის საზიანო კოდი.

სახელმწიფო ორგანოებს თქვენს მონაცემებზე პირდაპირი წვდომა არ ეძლევათ

ჩვენ არასოდეს გავცემთ „შემოვლითი გზით“ წვდომის ნებართვას თქვენს მონაცემებზე თუ იმ სერვერებზე, რომლებზეც ისინი ინახება, და აქვე სვამთ წერტილს. ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთ სახელმწიფო ორგანოს — იქნება ეს აშშ-ში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში — ჩვენი მომხმარებლების ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა არ აქვს. არსებობს შემთხვევები, როცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მომხმარებელთა მონაცემების თაობაზე მოთხოვნებს ვღებულობთ. ამ ტიპის მოთხოვნებს ჩვენი იურისტთა გუნდი განიხილავს და არ აკმაყოფილებს მათ, თუ მოთხოვნა მეტისმეტად ზოგადი ან დადგენილი წესების დარღვევითაა წარმოდგენილი. ჩვენს გამჭვირვალობის ანგარიშში მონაცემთა ამგვარი მოთხოვნები მაქსიმალურად ღიად არის განხილული.

ეიფელის კოშკის სურათიდან დაშიფრული გამოსახულება გამოდის

Gmail-ის დაშიფვრის ფუნქცია ელფოსტის კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს

დაშიფრული კავშირები Gmail-ის მიერ პირველივე დღიდან არის მხარდაჭერილი, რაც ბოროტმოქმედებს თქვენ მიერ გაგზავნილი ინფორმაციის წაკითხვას კიდევ უფრო ურთულებს. გარდა ამისა, Gmail უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესახებაც გაფრთხილებთ — მაგალითად, როცა ისეთ ელფოსტას ღებულობთ, რომელიც დაშიფრული კავშირის მეშვეობით გამოგზავნილი არ არის.

Gmail ელფოსტის კონვერტი უსაფრთხოების სკანერის გამაფრთხილებელ ნიშანს ამოქმედებს

Gmail-ის სპამისგან დაცვის საშუალება საეჭვო ელფოსტას ფილტრავს

მავნე პროგრამებთან და ფიშინგთან დაკავშირებული მრავალი შეტევა ელფოსტით იწყება. Gmail-ის დაცვის საშუალებები სპამისგან, ფიშინგისგან და მავნე პროგრამებისგან გაცილებით უკეთ გიცავთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ელფოსტის სერვისი. მილიარდობით შეტყობინების შაბლონების გაანალიზების გზით, Gmail მომხმარებლების მიერ სპამად მონიშნული ელფოსტის დამახასიათებელ ნიშნებს ადგენს, შემდეგ კი, ამ თავისებურებების მეშვეობით, საეჭვო ან სახიფათო ელფოსტას ბლოკავს მანამ, სანამ ის თქვენამდე მოაღწევს. ამ პროცესის ხელშეწყობა თავადაც შეგიძლიათ — ამისთვის, თქვენ მიერ მიღებულ საეჭვო შეტყობინებაში აირჩიეთ „სპამის შესახებ შეტყობინება“.

მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, Gmail-ის სპამის ფილტრი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი სიზუსტით მუშაობს. ამჟამად ის თქვენს შემომავალ საფოსტო ყუთს სპამის 99,9%-ისგან იცავს.

Chrome ბრაუზერი, რომელზეც უსაფრთხოების განახლება მიმდინარეობს

Chrome ავტომატურად აახლებს თქვენი ბრაუზერის დაცვის საშუალებებს

უსაფრთხოების ტექნოლოგიები განუწყვეტლივ ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვის უზრუნველსაყოფად, მუდმივი განახლება არის აუცილებელი. სწორედ ამიტომ, Chrome რეგულარულად ამოწმებს, იყენებთ თუ არა ბრაუზერის ბოლო ვერსიას, რომელშიც უსაფრთხოების, მავნე ან შეცდომაში შემყვანი ვებსაიტებისგან დაცვისა და სხვა უახლესი ფუნქციებია ჩაშენებული. Chrome-ის განახლება ავტომატურად ხორციელდება. ასე რომ, თქვენ Chrome-ის მოწინავე უსაფრთხოების ტექნოლოგია გიცავთ.

საზიანო აპი მოწყობილობაზე იპარება

Google Play თქვენს ტელეფონს პოტენციურად საზიანო აპებისგან იცავს

როცა საქმე უსაფრთხოებას ეხება, თქვენი მოწყობილობის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი წერტილი მასზე დაინსტალირებული აპები შეიძლება იყოს. ამოცნობის სპეციალური სისტემა პოტენციურად საზიანო აპების Play Store-ში მოხვედრის თავიდან აცილებაში გვეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად არ ვიცით, უსაფრთხოა თუ არა კონკრეტული აპი, მას ჩვენი Android-ის უსაფრთხოების გუნდის წევრები მექანიკურად განიხილავენ. ჩვენი ამოცნობის სისტემის სრულყოფის პარალელურად, Google Play-ში უკვე არსებული აპები ხელახლა შემოწმებასაც გადის, რომლის დროსაც შესაძლო ზიანის მომტანი აპლიკაციები ამოშლას ექვემდებარება, რათა ისინი თქვენს მოწყობილობაზე არ მოხვდეს.

Google მავნე და შეცდომაში შემყვან რეკლამას ბლოკავს

ისეთ რეკლამას, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ყალბ პროდუქტებს, ეფარება შიგთავსს, რომლის ნახვასაც ცდილობთ, მავნე პროგრამებზე გადაჰყავხართ, ან სხვაგვარად არღვევს ჩვენს სარეკლამო დებულებებს, ონლაინ რეჟიმში ყოფნისას თქვენი დაზარალება შეუძლია. ჩვენ ამ პრობლემას დიდი სერიოზულობით ვეკიდებით. ყოველწლიურად, რეალური მიმომხილველებისა და დახვეწილი პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივი ძალისხმევით, დაახლოებით ერთი მილიარდი შეუსაბამო რეკლამა იბლოკება. ამასთანავე, ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ხელსაწყოს იმისთვის, რომ შეურაცხმყოფელი რეკლამის შესახებ შეგვატყობინოთ და ზოგადად, თქვენთვის ხილული რეკლამა გააკონტროლოთ. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვაქვეყნებთ ჩვენს საექსპერტო ცოდნასა და აპრობირებულ გამოცდილებას, რათა ინტერნეტი ყველასთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს.

საუკეთესო მინიშნებები თქვენი ონლაინ-უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ეს მოკლე მინიშნებები დაგეხმარებათ, დაიცვათ თქვენი ონლაინ-ანგარიშები და პერსონალური მონაცემები.

  • დაიცავით თქვენი მოწყობილობები

  • აღკვეთეთ ფიშინგის მცდელობები

  • დაათვალიერეთ ინტერნეტ-კონტენტი დაცულად

Google უსაფრთხოების ფარი და საკონტროლო სია

შექმენით ძლიერი პაროლები

ძლიერი და საიმედო პაროლის შექმნა თქვენი ონლაინ-ანგარიშების დასაცავად გადადგმული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პაროლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სიტყვების ისეთი მიმდევრობა, რომელიც არ დაგავიწყდებათ, თუმცა სხვებისთვის გამოსაცნობად რთული იქნება. სანაცვლოდ, შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე გრძელი წინადადება და პაროლი ყოველი სიტყვის პირველი ასოებით შეადგინოთ. მეტი სიძლიერისთვის გაზარდეთ პაროლის სიგრძე მინიმუმ 8 სიმბოლომდე. გახსოვდეთ, რაც უფრო გრძელია პაროლი, მით უფრო ძლიერია ის.

უსაფრთხოების შეკითხვებზე პასუხების მითითებისას შეგიძლიათ ცრუ პასუხები მიუთითოთ, რათა მათი გამოცნობა სხვებისთვის კიდევ უფრო რთული იყოს.

არასოდეს გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი ერთზე მეტჯერ

გამოიყენეთ განსხვავებული პაროლები ყოველი ანგარიშისთვის

მრავალ სხვადასხვა ანგარიშში (მაგალითად, Google ანგარიშში, სოციალური ქსელების პროფილებში და ონლაინ-მაღაზიების ვებსაიტებზე) შესასვლელად ერთი და იგივე პაროლის გამოყენება უარყოფითად აისახება თქვენი ანგარიშების უსაფრთხოებაზე. ეს იგივეა, რომ სახლის, მანქანის და ოფისის კარის ჩასაკეტად ერთსა და იმავე გასაღებს იყენებდეთ — თუკი ის ვინმეს ხელში ჩაუვარდება, ყველაფერს საფრთხე შეექმნება.

აკონტროლეთ მრავალი პაროლი

პაროლების მართვის ისეთი ხელსაწყო, როგორიცაა Chrome ბრაუზერში ხელმისაწვდომი Google Smart Lock, დაგეხმარებათ თქვენი სხვადასხვა ონლაინ-ანგარიშის პაროლების დაცვაში და გაკონტროლებაში. გარდა ამისა, მას შეუძლია უსაფრთხოების შეკითხვებზე გაცემული პასუხების შენახვა და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული პაროლების გენერირება.

დაიცავით თავი ჰაკერებისგან 2-ფაზიანი დადასტურების მეშვეობით

2-ფაზიანი დადასტურება დაგეხმარებათ გარეშე პირებისთვის თქვენს ანგარიშზე წვდომის აღკვეთაში. ამ ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში, თქვენს ანგარიშში შესასვლელად, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანის გარდა, საჭირო იქნება მეორე დამატებითი ეტაპის გავლა. მაგალითად, Google-ის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს Google Authenticator აპის მიერ გენერირებული 6-ციფრიანი კოდი ან Google აპში მიღებული მოთხოვნა სანდო მოწყობილობიდან შესვლის მცდელობაზე დათანხმების თაობაზე.

ფიშინგის შემთხვევებისგან თავის კიდევ უფრო დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ უსაფრთხოების ფიზიკური გასაღები, რომელსაც მიუერთებთ თქვენი კომპიუტერის USB პორტს ან დაუკავშირებთ თქვენს მობილურ მოწყობილობას NFC-ის ან Bluetooth-ის მეშვეობით.

მუდმივად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა

დაიცავით თავი უსაფრთხოების სისტემის მოწყვლადი ადგილებისგან — მუდმივად განაახლეთ თქვენი ვებ-ბრაუზერის ოპერაციული სისტემის, დანამატების თუ დოკუმენტების რედაქტორების პროგრამული უზრუნველყოფა. პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ხელმისაწვდომობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, გირჩევთ, შეძლებისდაგვარად სწრაფად განაახლოთ ის.

შეამოწმეთ ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც რეგულარულად სარგებლობთ, და დარწმუნდით, რომ უახლეს ვერსიებს იყენებთ. ზოგიერთი სერვისი (მაგალითად, Chrome ბრაუზერი) შეიძლება ავტომატურად ახლდებოდეს.

გამოიყენეთ ეკრანის დაბლოკვის მეთოდი

დაბლოკეთ თქვენი კომპიუტერის, ლეპტოპის, ტაბლეტის ან ტელეფონის ეკრანი, როცა მას არ იყენებთ, რათა სხვამ ვერ შეძლოს მასზე წვდომა. დამატებითი უსაფრთხოებისთვის შეგიძლიათ დააყენოთ მოწყობილობის ეკრანის ავტომატური დაბლოკვა ძილის რეჟიმზე გადასვლისას.

ჩაკეტეთ ტელეფონი მისი დაკარგვის შემთხვევაში

თუ ტელეფონს დაკარგავთ ან მას მოგპარავენ, შეგიძლიათ გადახვიდეთ სექციაზე „ჩემი ანგარიში“ და აირჩიოთ „თქვენი ტელეფონის პოვნის“ ფუნქცია, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მონაცემების დაცვაში რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლით. აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS-მოწყობილობებისთვის და საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად დაადგინოთ თქვენი ტელეფონის მდებარეობა და ჩაკეტოთ ის, რათა ვერავინ შეძლოს მისი გამოყენება და თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა.

ბრაუზერში ნაჩვენებია Chrome-ში დაცული პაროლები

ამოშალეთ პოტენციურად საზიანო აპები ტელეფონიდან

გირჩევთ, ყოველთვის ჩამოტვირთოთ მობილური აპები ისეთი წყაროებიდან, რომლებსაც ენდობით. თქვენი Android-მოწყობილობების უსაფრთხოებისთვის Google Play Protect ახორციელებს იმ აპების უსაფრთხოების შემოწმებას, რომელთა ჩამოტვირთვასაც აპირებთ Google Play Store-იდან. სხვა წყაროებიდან ჩამოტვირთული პოტენციურად საზიანო აპების გამოვლენის მიზნით, ეს ფუნქცია პერიოდულად თქვენს მოწყობილობასაც ამოწმებს.

თქვენი მონაცემების დასაცავად:

  • გადახედეთ თქვენს აპებს და წაშალეთ ისინი, რომლებსაც არ იყენებთ
  • გადადით აპების მაღაზიის პარამეტრებზე და ჩართეთ ავტომატური განახლება
  • სენსიტიურ მონაცემებზე (მაგალითად, თქვენს მდებარეობაზე და ფოტოებზე) წვდომა მიანიჭეთ მხოლოდ იმ აპებს, რომლებსაც ენდობით

უფრთხილდით თაღლითურ ელფოსტას, ყალბ პრიზებსა და საჩუქრებს

ყოველთვის სიფრთხილით მოეკიდეთ უცნობებისგან მიღებულ შეტყობინებებს, განსაკუთრებით, თუკი მათი შინაარსი რთულად დასაჯერებელია — მაგალითად, შეტყობინებებს, რომლებიც გაუწყებთ ჯილდოების მოგებას, გთავაზობთ პრიზებს გამოკითხვაში მონაწილეობისთვის ან თანხის სწრაფად შოვნის ხერხებს. არასოდეს დააწკაპუნოთ საეჭვო ბმულებზე და ნურასოდეს შეიყვანთ პერსონალურ ინფორმაციას არასაიმედო ფორმებსა და გამოკითხვებში.

სიფრთხილით მოეკიდეთ პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნებს

არ უპასუხოთ საეჭვო ელფოსტას, მყისიერ შეტყობინებებს ან ამომხტარ ფანჯრებს, რომლებიც ითხოვს ისეთი პერსონალური ინფორმაციის შეყვანას, როგორიცაა პაროლები, საბანკო ანგარიშებისა თუ საკრედიტო ბარათების ნომრები ან თუნდაც თქვენი დაბადების თარიღი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეტყობინების ავტორი არის საიტი, რომელსაც ენდობით (მაგალითად, თქვენი ბანკი), ნუ დააწკაპუნებთ ბმულზე და ნუ გააგზავნით საპასუხო შეტყობინებას. უმჯობესია, გადახვიდეთ პირდაპირ დაწესებულების საიტზე ან აპზე და შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში.

გახსოვდეთ, რომ ნამდვილი საიტები და სერვისები არასოდეს გამოგიგზავნით ისეთ შეტყობინებებს, რომელთა მეშვეობითაც მოგთხოვთ პაროლებისა თუ ფინანსური ინფორმაციის ელფოსტით გაგზავნას.

მოერიდეთ მათ, ვინც თავს ასაღებს სხვა ადამიანად

იმ შემთხვევაში, თუკი ნაცნობისგან მიღებულ ელფოსტაში შეხვდებით უცნაურ ტექსტს, გახსოვდეთ, რომ მისი ანგარიში შეიძლება ვინმეს გაეტეხა.

თქვენი მხრიდან სიფრთხილეს საჭიროებს შემდეგი:

  • თანხის გაგზავნის გადაუდებელი მოთხოვნები
  • შემთხვევები, როცა პიროვნება ამტკიცებს, რომ უცხო ქვეყანაში რთულ ვითარებაში აღმოჩნდა
  • შემთხვევები, როცა პიროვნება ამბობს, რომ მას ტელეფონი მოპარეს და ვერ დაურეკავთ

არ უპასუხოთ შეტყობინებას და არ დააწკაპუნოთ ბმულებზე, თუკი ელფოსტის სინამდვილეს ვერ დაადასტურებთ.

გადაამოწმეთ ფაილები მათ ჩამოტვირთვამდე

ფიშინგის შედარებით მაღალი სირთულის მცდელობები შეიძლება განხორციელდეს დაინფიცირებული დოკუმენტებისა და PDF-დანართების მეშვეობით. თუკი საეჭვო დანართს შენიშნავთ, მის უსაფრთხოდ გასახსნელად და თქვენი მოწყობილობის დაინფიცირების რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ Chrome ან Google Drive. ჩვენ აუცილებლად გაგაფრთხილებთ ვირუსის აღმოჩენის შესახებ.

გამოიყენეთ დაცული ქსელები

გამოიჩინეთ სიფრთხილე საჯარო ან უფასო Wi-Fi ქსელებით სარგებლობისას (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ გამოსაყენებლად საჭიროა პაროლი). საჯარო ქსელთან დაკავშირების შემთხვევაში, თქვენი ინტერნეტ-აქტივობის (როგორიცაა თქვენ მიერ მონახულებული ვებსაიტები და საიტებზე შეყვანილი ინფორმაცია) მონიტორინგს შეძლებს ნებისმიერი, ვინც ახლოს იმყოფება. თუკი საჯარო ან უფასო Wi-Fi ერთადერთი ვარიანტია, Chrome ბრაუზერი მისამართთა ზოლში შეგატყობინებთ, დაცულია თუ არა ესა თუ ის საიტი.

სენსიტიური ინფორმაციის შეყვანამდე ყოველთვის შეამოწმეთ დაცული კავშირის ხელმისაწვდომობა

ვების დათვალიერებისას (განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პაროლებისა და საკრედიტო ბარათების მონაცემების მსგავსი სენსიტიური ინფორმაციის შეყვანას აპირებთ) დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ მონახულებულ საიტებთან კავშირი დაცულია. დაცული URL იწყება პრეფიქსით HTTPS. Chrome ბრაუზერის URL-ის ველში გამოჩნდება მწვანე, მთლიანად ჩაკეტილი ხატულა და წარწერა „დაცული“. თუ კავშირი არ იქნება დაცული, თქვენ დაინახავთ წარწერას „დაუცველი“. HTTPS ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე ვების დათვალიერებისას და უზრუნველყოფს თქვენი ბრაუზერისა თუ აპის დაცულ კავშირს თქვენ მიერ მონახულებულ ვებსაიტებთან.