უფრო უსაფრთხო ინტერნეტი

ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ინტერნეტი ყველასთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გახდეს.

ჩვენ უსაფრთხოების ტექნოლოგიის შემუშავების მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, რომელსაც არამხოლოდ ჩვენი მომხმარებლებისთვის, არამედ, მთლიანად, ონლაინ-სამყაროსთვის მოაქვს სარგებელი. როცა ჩვენი სერვისების უფრო საიმედოდ დაცვისთვის ახალ ტექნოლოგიას ვქმნით, ყველას სასიკეთოდ მისი გაზიარების გზებსაც ვპოულობთ. გამომდინარე იქიდან, რომ საფრთხეები, დროთა განმავლობაში, იცვლება, ჩვენი ადაპტირებადი, შორსმჭვრეტი გადაწყვეტილებები სხვა კომპანიებსაც აძლევს მაგალითს.

Safe Browsing ტექნოლოგია მხოლოდ Chrome-ის მომხმარებლებს არ იცავს

Safe Browsing ტექნოლოგიის შექმნის თავდაპირველი მიზანი Chrome-ის მომხმარებლების მავნე პროგრამებისგან და ფიშინგის მცდელობებისგან დაცვა იყო, რაც სახიფათო ვებსაიტებზე სტუმრობისას, მათი გაფრთხილებით მიიღწეოდა. იმისთვის, რომ ინტერნეტი ყველასთვის უფრო უსაფრთხო იყოს, ამ ტექნოლოგიის საკუთარ პროდუქტებში დანერგვა სხვა კომპანიებს უფასოდ შევთავაზეთ და ახლა მას ისეთი ბრაუზერები იყენებს, როგორიცაა Apple Safari და Mozilla Firefox. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღესდღეობით, Safe Browsing ტექნოლოგია ონლაინში მოღვაწე მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს იცავს.

გარდა ამისა, ვებსაიტების უსაფრთხოებაში ხარვეზების აღმოჩენისას, ამის შესახებ მათ მფლობელებსაც ვაფრთხილებთ და პრობლემების სწრაფად მოსაგვარებლად, უფასო ხელსაწყოებს ვთავაზობთ. უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიის შემუშავების პარალელურად, მისი სხვა კომპანიებთან გაზიარება ისეთი ინტერნეტის შექმნაში დაგვეხმარება, რომელიც ყველასთვის უფრო უსაფრთხო იქნება.

თქვენ მიერ ინტერნეტის დათვალიერებისას, უფრო საიმედო დაცვის უზრუნველყოფაში HTTPS გვეხმარება

ჩვენს სერვისებთან HTTPS დაშიფვრის მეშვეობით დაკავშირება ცნობისმოყვარე თვალებისგან და ბოროტი ჰაკერებისგან დაგიცავთ, რაც გარანტიაა იმისა, რომ მხოლოდ თქვენთვის აუცილებელ ადგილზე მოხვდებით და საჭირო კონტენტს მიიღებთ. სხვა ვებსაიტებზე ამ ტიპის დამატებითი უსაფრთხოების დანერგვის წახალისების მიზნით, HTTPS დაშიფვრა ჩვენ ერთ-ერთ ფაქტორად ვაქციეთ, რომელსაც Google Search-ის ალგორითმი ძიების შედეგებში ვებსაიტების დალაგებისას იყენებს.

მოწყვლადი ადგილების გამოსავლენად, ჩვენ მიერ ჯილდოებია დაწესებული

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, Google-მა რამდენიმე დაჯილდოების პროგრამა დააწესა, რომელთა ფარგლებშიც, ჩვენს სერვისებში მოწყვლადი ადგილების აღმოჩენისა და მათი აღმოფხვრისთვის, დამოუკიდებელი მკვლევარები ფულად ანაზღაურებას ღებულობენ. ყოველწლიურად, შეცდომების აღმოჩენისთვისა და საკვლევი სამუშაოების ჩატარებისთვის, სუბსიდიების სახით, ჩვენ მიერ მილიონობით აშშ დოლარი გაიცემა. უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დაჯილდოების პროგრამები ამჟამად Google-ის მრავალი პროდუქტისთვის მოქმედებს, რომელთა შორისაა Chrome და Android.

ჩვენი უსაფრთხოების ხელსაწყოები ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის

როცა ვიცით, რომ ჩვენს უსაფრთხოების ტექნოლოგიას სარგებლის მოტანა არამხოლოდ ჩვენთვის შეუძლია, მას სხვებსაც ვუზიარებთ. მაგალითად, დეველოპერებს უფასოდ ვთავაზობთ Google Cloud Security Scanner-ს, რომლის მეშვეობითაც, მათ უსაფრთხოების მხრივ მოწყვლადი ადგილების აღმოჩენის მიზნით, App Engine-ში საკუთარი ვებ-აპლიკაციების სკანირება და გაანალიზება შეუძლიათ.

ჩვენ ვაზიარებთ ინფორმაციას ჩვენი საქმიანობის შესახებ, რათა ინტერნეტი უფრო უსაფრთხო იყოს

2010 წლიდან Google გამჭვირვალობის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საავტორო უფლებების დარღვევის გამო ამოშლილი კონტენტის, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის მოთხოვნებისა და Safe Browsing-ის მსგავსი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წამოწყებების სტატისტიკაა მოცემული. გარდა ამისა, ჩვენ მიერ სხვადასხვა ვებსაიტისთვისა და ელფოსტის სერვისისთვის დაშიფვრის დანერგვის შესახებ ინფორმაციაც ზიარდება. ეს კეთდება არამხოლოდ იმისთვის, რომ მომხმარებლებს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ ვაუწყოთ, არამედ იმისთვისაც, რომ სხვა კომპანიებს უსაფრთხოების უფრო ძლიერ სტანდარტებზე გადასვლისკენ ვუბიძგოთ, რათა ინტერნეტი ყველასთვის უფრო უსაფრთხო იყოს.